ვებინარი კონკურენციის სამართალში
კონკურენციის სამართლის აღსრულება ენერგეტიკის სექტორში - მარეგულირებელი კანონმდებლობა, გამოწვევები და არსებული პრაქტიკა
29 მაისი, 18:00-19:00 (ონლაინ)
მოწვეული ექსპერტი:
გივი ადამია - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, კონკურენციის სამართლის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი წარმოადგენს შედარებით კვლევას ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმების კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებად კვალიფიკაციის თაობაზე (ქართული, გერმანული და ევროკავშირის კონკურენციის სამართლის მიხედვით). საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ასევე გააჩნია ექსპერტიზა ენერგეტიკის სფეროში კონკურენციის სამართლის აღსრულებისა და საბაზრო კონკურენციის წინასწარი (ex-ante) რეგულირების მიმართულებით.
სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ასევე იყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი. საჯარო სამსახურის პარალელურად, აქტიურად ეწეოდა (და ეწევა) სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის ქართულ და საერთაშორისო პუბლიკაციებში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიის ავტორი.
ვებინარის შესახებ:
ქართულ კონკურენციის კანონმდებლობაში 2020 წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად, კონკურენციის აღსრულებაზე კომპეტენტურ ორგანოებად განისაზღვრა როგორც საქართველოს კონკურენციისა და მომხმადებლის დაცვის სააგენტო, ისე ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების მარეგულირებელი ორგანოები. აღნიშნულმა რეფორმამ ქართულ კონკურენციის კანონმდებლობას ყოვლისმომცველი ხასიათი შესძინა, რადგან განისაზღვრა ეკონომიკის ყველა სფეროში მისი თანაბრად აღსრულების ვალდებულება. ამით საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 204-ე მუხლის მოთხოვნა. შესაბამისად, კონკურენციის კანონმდებლობა გავრცელდა ენერგეტიკის სექტორზეც, სადაც მის აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).
ამავდროულად, 2020 წლის რეფორმამ წარმოშვა რიგი პრობლემები კონკურენციის სამართლის აღსრულების კომპეტენციის მქონე ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით. ვებინარის ფარგლებში სწორედ სააგენტოსა და სემეკ-ს შორის კომპეტენციათა გამიჯვნასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები იქნება განხილული. გარდა ამისა, განვიხილავთ ენერგეტიკის სექტორში კონკურენტულ საბაზრო სეგმენტებს, ამ სეგმენტებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების შინაარსობრივ ასპექტებს, კონკურენციის სამართლის წყაროებსა და აღსრულების მექანიზმებს. საბოლოოდ, განხილული იქნება სემეკის მიერ მიღებული რელევანტური გადაწყვეტილებები და მასში განვითარებული მიდგომები.
ვებინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა - https://forms.gle/KyHcfaqv86D8g9uFA. დარეგისტრირებულ პირებს შეხსენება და ვებინარის ზუმ ლინკი გაეგზავნებათ ვებინარის ჩატარების წინა დღეს.